ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, ნიკო კვარაცხელიას საქმის გამომძიებელმა დაკითხა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.
ადვოკატის თქმით, გამოძიებას მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:
„მკვლელების მიერ მოყოლილი სრული ისტორიის შესახებ,
იმ ლოკაციების შესახებ, სადაც მკვლელობაში მსჯავრდებულები იმყოფებოდნენ,
ტერიტორია, სადაც მკვლელობა იგეგმებოდა,
სახელები და გვარები ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ წყნეთის პოლიციაში საათების განმავლობაში,
საუბრების შინაარსი, რომელსაც ისმენდა დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მაღალი თანამდებობის პირებისგან,
დამატებით ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებებისთვის“, – წერს მიგინეიშვილი.
17 თებერვალს პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მკვლელობის ორგანიზატორებად ძმები კაკულიები და ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია დაასახელა.
გურამ და დავით კაკულიები სისხლის სამართლის სხვა საქმეზე არიან მსჯავრდებულები და სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან. რაც შეეება ბესარიონ ჟვანიას, მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
2021 წელს, როდესაც ნიკო კვარაცხელია მოკლეს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი წყნეთის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ადვოკატის თქმით, სწორედ ქვაჭრელიშვილმა დააკავა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირები: ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე.
2024 წლის იანვარში რუსეთის მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით დიმიტრი ქვაჭრელიშვილი დააკავეს.
„რუსეთის ეროვნების პიროვნება, რომელიც ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში არის ნაჯდომი ნარკოტიკების გასაღებაზე, გვყავდა უსაფრთხოდ მოყვანილი პოლიციაში. თვითონ შემოგვთავაზა ნარკოტიკების გამსაღებელთან თანამშრომლობა, თქვა, რომ ჩამოვიკიდებ კამერას და კოკაინსაც აგაღებინებთო. ამის შემდეგ პიროვნებას ვუშვებთ სახლში, შევთანხმდით… მეორე დღეს რვა საათზე დაწერა განცხადება…იძახის, რომ ქრთამი ავიღე…არც ქრთამი მაქვს აღებული, არც ფიზიკურად მასზე მიძალადია. ვიღაც რუსი “ბარიგას”, მსოფლიო ბარიგას პიროვნების ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული ამჟამად მე, პოლიციის პოლკოვნიკი, 90-იანი წლებიდან პოლიციაში ვმუშაობ” – თქვა სასამართლო პროცესზე დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა.
სასამართლომ წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროსს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია და დაპატიმრებას ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებს.
ქვაჭრელიშვილი აცხადებს, რომ ისჯება იმის გამო, რომ დასანქცირებიდან მეორე დღეს ოთარ ფარცხალაძის შვილს არ მისცა „უკანონო“ ცნობა საეჭვო იარაღის გადაფორმებისთვის. მისივე თქმით, საბოლოოდ, ცნობა მაინც გაიცა, თავისი ხელმოწერის გარეშე.
18 თებერვალს „ქოლცენტრების საქმეზე“ ახალი ბრალი წარუდგინეს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა და მიმალვაშია. 19 თებერვალს სასამართლომ მას აღკვეთის სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.