რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებულთაგან ერთ-ერთმა, დანიელ ბულკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ ადვოკატმა გაავრცელა. გუშინ რესტორანთან, სადაც მოსამართლეები ქეიფობდნენ, ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავეს. დაკავებულების ნაწილი სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
„დანიელ ბულკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება, რამდენიმეჯერ ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად მიმართა, შიმშილობს დანიელ ბულკაშვილი. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი განცხადებით, მის მიმართ პოლიციის მხრიდან რაიმე გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. დაკავებულები არიან, როგორც მათ მითხრეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე 173-ე მუხლებით, რაც ნიშნავს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, მე მათ ვკითხე, რაიმე მოწოდება, გაფრთხილება იყო, რომ რაღაც ემოქმედოთ, პოლიციის მხრიდან არ ყოფილა მსგავსი რაღაც, პირდაპირ მოხდა დაკავება და დაკავება მოხდა როდესაც ფაქტირუად დაიმარტოხელეს“, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.
გიორგი ჩაჩანიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დროს დააკავეს, როცა გამოესარჩლა გოგოს, რომელსაც ძალის გადამეტებით აკავებდნენ. უფლებადამცველის განცხადებით, მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, თუმცა დაკავების ოქმი ჯერ არ არსებობს.
„გოგონას რომელსაც აკავებდა ათობით პოლიციელი, ამ გოგოს მიმართ ხდებოდა ძალის უხეში და გადამეტებული გამოყენება, ამ დროს მოხდა გიორგის მიერ მასთან გამოსარჩლება, კადრებიც არსებობს, სადაც გიორგი მოუწოდებს მათ, რომ გოგოა და ძალადობა შეწყვიტონ მის წინააღმდეგ, უკანონო ქმედების აღმოფხვრისკენ მიუთითებს, მაშინ მოხდა გიორგის დაკავებაც. პოლიციელების მხრიდან მოხდა დაკავებისას გამოყენებული ფიზიკური ზეწოლა, აღენიშნება მხოლოდ ხელებსა და ყელის მიდამოში, ასევე თმის მიდამოში, იმიტომ რომ თმის თრევით მოხდა მისი დაკავება“, – თქვა მედიასთან ვერიკო გაგუამ.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ დაკავებულთაგან 4 პირის უფლებებს იცავს, მათგან ერთ-ერთი ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა დააკავა ძალადობრივი მეთოდებით.
„ერთ-ერთი უკვე მოვინახულე, რომელიც ამბობს, რომ ის დააკავეს უკანონოდ. კადრებში ყველამ ნახა, რომ ეს ადამიანები იდგნენ თავისთვის, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, პოლიციელები მივიდნენ, მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული ამბობს, რომ თვითონ გოგა მემანიშვილმა დააკავა ძალადობრივი მეთოდებით, კისერზე მოუჭირა ხელი და ასე წაათრია მანქანაში და ჩასვა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ყველაზე ცინიკური იცით რა არის?! ეს თავისუფალი ადამიანები ზონდერმა პოლიციელებმა ხომ დააკავეს, მაგრამ ახლა სწორედ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ, ვის საქციელსაც ეს ადამიანები აპროტესტებდნენ“,- განაცხადა ტყეშელაძემ.
12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.