ადვოკატი: ელენე ხოშტარია დაცვის უფლებაზე უარს ამბობს

პუბლიკა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დაცვის უფლებაზე უარს ამბობს. პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი დღეს წარუდგინა. უწყება ამბობს, რომ მან დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო შტაბზე გაკრული 3 ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

„ელენემ, იქიდან გამომდინარე, რომ მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ფარსია და როლი, უბრალოდ მოქალაქისა, რომელიც ჰყავთ ტყვეობაში არის ამ სპექტაკლში ძალიან უმნიშვნელო, მას არ სურს, რომ რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცედურები ან იურიდიულ კაზუისტიკაზე მსჯელობა გამართოს რეჟიმთან, ამიტომ ის უარს ამბობს დაცვის უფლებაზეც ამ საქმეზე.

მე ვრჩები მის ადვოკატად ზოგადად, თუმცა ამ საქმეში მის ინტერესებს აღარ დავიცავ. ალბათ, განცხადება, უფრო ვრცელი, გავრცელდება მისი სახელითაც, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე მას არ უნდა, რომ საზოგადოების ან თუნდაც მისი დროის და ყურადღების ძალიან მცირე ნაწილიც კი დაუთმოს ამ ფარსს, რომელსაც ჰქვია ქართული მართლმსაჯულება“, – თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატისთვის ამ ეტპაზე უცნობია, აღკვეთის ღონისძიების სახით რას მოითხოვს პროკურატურა და როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.

კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.