ადვოკატი: გაშლილი ხელი, რომელიც დაზარალებულს სახეზე ხვდება, პოლიციელზე თავდასხმის არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს

პუბლიკა

დღეს, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ადვოკატმა შესავალი სიტყვა თქვა.

მარიამ პატარიძის განცხადებით:

„მიუხედავად იმისა, რა ინტერპრეტაცია ექნება ზვიად რატიანის გაწნილ სილას პოლიციელისთვის, ან ვინმეს მიერ დამუნათებას იმსახურებს თუ არა სიმბოლური აქტი, ან რა ეტიმოლოგიური განმარტება შესაძლოა ჰქონდეს სილის გაწვნას – ამით ქმედების ინტენსივობა არ იცვლება. რაც სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე იმას ნიშნავს, რომ ზვიად რატიანს დანაშაული არ ჩაუდენია.

გაშლილი ხელი, რომელიც დაზარალებულს სახეზე ხვდება, ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით და ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის [პოლიციელზე თავდასხმის] არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს.

რატომ ეს მუხლი? – ზვიად რატიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკავშირდება მის აქტიურ მონაწილეობას თბილისში მიმდინარე ხანგრძლივ წინააღმდეგობაში და მას უნდა ჰქონდეს სადამსჯელო ეფექტი, ერთი მხრივ, ზვიად რატიანზე და მეორე მხრივ დამაშინებელი ეფექტი, პროტესტში, ჯერ თავისუფლებაში მყოფ პირებზე“. – თქვა მარიამ პატარიძემ.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.

მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება – სისხლის სამართლის კოდექსის 353/1 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზვიად რატიანი დანაშაულს არ აღიარებს.

პოეტის შემდეგი სასამართლო პროცესები 9 სექტემბერს, 12:00-ზე და 16 სექტემბერს 15:00-ზე დაინიშნა.