ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილზე: როგორც თქვენთვის არის სიახლე, ისევეა ჩემთვისაც

პუბლიკა

ადვოკატ ლევან მახარაშვილის თქმით, ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა, დღეს მისი FB-პოსტით შეიტყო.

მახარაშვილი ამბობს, რომ არ იცის, რომელ ქვეყანაშია ბაჩიაშვილი.

„როგორც თქვენთვის არის სიახლე, ისევეა ჩემთვისაც. გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა მისი პოსტის შემდეგ. არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია. ერთადერთი, ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს, ჩვენება მისცეს დისტანციურად.

პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით, რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია“, – თქვა მახარაშვილმა.

როგორ დატოვა ქვეყანა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის 2 სხვადასხვა საქმეზე აქვს წარდგენილი, უცნობია პროკურორ მიხეილ სადრაძისთვისაც.

მისი თქმით, ამ საქმეზე დაიწყება გამოძიება.

„პასპორტები ჰქონდა ჩამორთმეული. მოცემულობა რაც გვაქვს, გვაქვს. ეს საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად დაიწყება გამოძიება“, – თქვა სადრაძემ.

როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა თქვა, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვება პროკურატურასთან შეუთანხმებლად არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი – ბაჩიაშვილი თავისუფალი ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს საფუძველზე იყო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მიანიშნა პროკურორმა მიხეილ სადრაძემაც.

გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს დაწერა პოსტი, რომ საქართველო დატოვა.