ადვოკატი გლდანის ციხის პატიმარზე: აპარატზეა შეერთებული, სახეზე 37 მოტეხილობა აქვს

პუბლიკა

ადვოკატი მუხრან ღურწკაია IPN-სთან ამბობს, რომ გლდანის ციხის პატიმარი, იოსებ გორგაძე მძიმე მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ამასთან, აქვს მოტეხილობები და ტვინის შეშუპება, ნაცემია.

მუხედავად ამისა, გორგაძე 23 იანვარს „ვივა მედში“ ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს.

მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა ამ დრომდე არ იციან, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.

„ადამიანს სახის ძვლების არც ერთი ადგილი მთელი არ აქვს, ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ექიმი არ აღწერს არაფერს, ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო. რატომ არ აღწერეს გარეგანი დაზიანებები და რატომ შეიყვანეს ინსულტის დიაგნოზით, როცა ამ კაცს ინსულტი არ აქვს? არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ, თუ რა მოხდა რეალურად. მოვითხოვე, რომ კამერები დაარქივდეს. გამოძიება დაწყებულია და ყველა ადამიანის უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

მძიმე მდგომარეობაშია, აპარატზეა შეერთებული. სახის მიდამოებში დაახლოებით, 37 მოტეხილობა აქვს, ტვინის შეშუპება აქვს და უმძიმესადაა. ვინ და რატომ სცემა, ეს ჩვენთვის უცნობია.

არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, ეს ფაქტია. ეს ამბავი პატიმარმა შემატყობინა, გორგაძის თანამესაკნე ვარ, ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს, ხომ არ იცი როგორ არის, მისი თანამესაკნე ვარო. ამის შემდეგ დავიწყე მოკვლევა”. – ამბობს მუხრან ღურწკაია.

გორგაძე რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, „ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძეც ადასტურებს. თუმცა, მეტ დეტალს არ ამხელს. მისი თქმით, მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტს და ინფორმაციის გასაჯაროებაც ამ უწყების უფლებამოსილებაა.

გუშინ, 29 იანვარს გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათ აინტერესებდათ, ვინ და რატომ გაუსწორდა იოსებ გორგაძეს.

მათივე განცხადებით, ოჯახისთვის გორგაძის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ არავის შეუტყობინებია – თანამესაკნემ გააგებინა ადვოკატს და შემდეგ ადვოკატი დაუკავშირდა მათ.

როგორც გუშინ, 29 იანვარს სახალხო დამცველმა განაცხადა, მათთვის ცნობილია, რომ დაწყებულია გამოძიება პატიმრის დაზიანებების წარმოშობის მიზეზების დადგენის მიზნით. ამასთან, როგორც ომბუდსმენმა თქვა, მათ ვერ მოახერხეს გორგაძესთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ხოლო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ინფორმაცია იოსებ გორგაძის ცემის შესახებ.

„2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რა დროსაც დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა და დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა”. – განაცხადა უწყებამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობს პატიმრის მოტეხილობების შესახებ.

იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატის თქმით, ავარია გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.