ადვოკატი: იგორ კეკელიას მიმართ მუქარის ფაქტზე პირველი ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ფოთელი მასწავლებლის, იგორ კეკელიას საქმეზე გამოძიებამ ერთი ადამიანი დააკავა – მისი თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა კაცი.

ადვოკატისვე ინფორმაციით, იგორ კეკელიას მუქარის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

„დაზარალებული პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს. სავარაუდოდ, იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც. გრძელდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიზნით“. – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

ფოთელი მასწავლებელი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი იგორ კეკელია ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, რის შემდეგაც ის სამსახურიდან – ფოთის მე-15 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.