ადვოკატი: ირაკლი ეძგვერაძეს ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები

პუბლიკა

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადეს, რის შედეგადაც მას აქვს სისხლნაჟღენთები და დალურჯებები.

„როდესაც ირაკლი მოვინახულე, ტანზე ეტყობა სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, ასევე, ეტყობა დალურჯებები კისრის მიდამოებში და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში.

ხომ ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ირაკლი ცხოვრობს გლდანში, ასე ვთქვათ, მას შეუვარდნენ სახლში და სახლში ძალადობდნენ.

ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას ან ამის შემდეგ ეთქვათ, სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა”, – განაცხადა ადვოკატმა.

გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები, ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე პოლიციამ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი ეძგვერაძემ ხელი შეუშალა სამართალდამცველების მუშაობას, რასაც მოჰყვა მისი დაკავება.