პროკურატურის ცნობით, „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე“ ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარედგინა. როგორც ადვოკატმა გია გოროზიამ ბრალის გაცნობის შემდეგ მედიას განუცხადა, ახალია ბრალს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბაჩო ახალიას საქმეზე გაუთქმელობაზე გააფრთხილეს.
მისი თქმით, გაუთქმელობის ხელწერილზე გამომძიებლის მოთხოვნის მიუხედავად მან ხელი არ მოაწერა, ვინაიდან, აღნიშნულით დაცვის უფლება შეეზღუდებოდა.
„ბაჩო ახალაიას პოზიცია გახლავთ ის, რომ ბრალდება არის სრულიად უსაფუძვლო, უარგუმენტო და აბსურდული, პირდაპირ გითხრათ, სიგიჟე. მას ბრალი წარედგინა იმისთვის, რომ მას პირადად მურთაზ ზოდელავასთან და პაატა ბურჭულაძესთან აკავშირებს ნაცნობობა და მეგობრობა – ეს არის ბრალის ფორმულირება.
გავეცანით ბრალდებას და იქ რაიმე არგუმენტი, კონკრეტული გარემოებები, რაიმე მყარი მტკიცებულება, თუნდაც რაიმე სახის ინფორმაცია , რომ მას რაიმე გარკვეული ქმედებით ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, ასეთი მოცემულობა მე ბრალში ვერ ვნახე. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, ვინაიდან უწოდებს აბსურდულს და სიგიჟეს“, – ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, ბაჩო ახალაიას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია, რადგან ის „არ ენდობა გამოძიებას.“
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ, ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.
კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს. პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.
ბრალდებულები საზოგადოებას მოუწოდებდნენ რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია.
იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ბაჩანა ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროკურატურა დაკავებული ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.