ადვოკატი: ივანიშვილს შეფერხებები შეექმნა ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მან განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი „მეტად საეჭვოდ დაემთხვა“.

„კერძოდ, ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით. ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას. მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა“, – აღნიშნულია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.