ადვოკატი: კიკნაძემ და ჯავახიშვილმა შიმშილობა შეწყვიტეს - ჯავახიშვილს 16 კგ აქვს დაკლებული

პუბლიკა

ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანაშვილის ცნობით, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და რეზო კიკნაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.

ის აღნიშნავს, რომ ჯავახიშვილს დაკლებული აქვს 16 კილო და მისი მოთხოვნის მიუხედავად, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი არ შესულა. ამასთან, მისი ინფორმაციით, ჯავახიშვილს ხელზე აქვს დალურჯება. ადვოკატს ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ჯავახიშვილთან პაემანზე მყოფებმა მიაწოდეს.

„16 კილო აქვს დაკლებული, ორჯერ წაუვიდა გული და არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ამაზე მე ვაპელირებდი, ვითხოვდი სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას გუშინ და არ შევიდა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

დღეს ნიკოლოზ ჯავახიშვილი მოინახულა მისმა პარტნიორმა, მარიამ ოთინაშვილმა, რომელიც „პუბლიკასთან” ამბობს, რომ ჯავახიშვილი ცუდ მდგომარეობაში იყო, სახეზე არ ჰქონდა ფერი და სავარაუდოდ, გულის წასვლის გამო, მკლავთან ჰქონდა დალურჯება.

„ნიკა რომ ვნახე იყო ძალიან ჩამომლბალი, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა დაკლებული და რომ ვკითხე, „როგორ ხარ?”, მისი პასუხი იყო, რომ ძალიან ცუდად. მე ვუთხარი, ჭამა რომ დაიწყო, არ გინდა-მეთქი და „არა, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ გავძლოო”. გუშინ წყალზეც უარი ვთქვიო, ისე ცუდად ვიყავი, ორჯერ გული წამივიდაო, სამედიცინო დახმარება არავის გაუწევია და არც სახალხო დამცველი იყო შემოსულიო. მიუხედავად იმისა, რომ ვითხოვდით, არავინ არ მისულა.

მკლავზე შევამჩნიე ოდნავი დალურჯება, არ ვიცი, ეს დალურჯება რისი ბრალია, შეიძლება, გული რომ წაუვიდა და დაეცა, შეიძლება, მაგის ბრალი ყოფილიყო. რომ ვკითხე, აიწია [ზედა] და არაფერიო, ასეთი პასუხი გამცა. ძლივს დავითანხმე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, ვინაიდან 16 კილო დაიკლო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, სახეზე ფერი არ ედო”, – აღნიშნავს მარიამ ოთინაშვილი.

ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „პუბლიკა” დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატს. მათი პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

რეზო კიკნაძე 21 იანვრის, ხოლო ნიკოლოზ ჯავახიშვილი 22 იანვრის შემდეგ შიმშილობდნენ – მათ ასე გამოხატეს სოლიდარობა „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი იღებს მხოლოდ წყალს.