„ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი, რომელიც გვიან ღამით სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს, ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ღამით მოინახულა.
ადვოკატის ინფორმაციით, ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც, მისი შეფასებით, „აბსურდია“.
მიგინეიშვილის განცხადებით, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.
„საბედნიეროდ, ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა და რაიმე სახის ძალადობას, არც არაადამიანურ მოპყრობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია დაკავების მომენტში. მანქანაში გადაყვანის დროს აქვს მხოლოდ სისხლჩაქცევა მიღებული მარცხენა მხარეს, მთელი გზის განმავლობაში ეკავა ერთ პიროვნებას მისი ხელი. სცადეს ასევე ტელეფონზე პაროლის მოხსნა და ტელეფონის ნახვა.
სამწუხარო ფაქტია, რომ დაგვიმალეს, სად იყო რეალურად ეს ადამიანი. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში, სადაც მეც დავრეკე და დამიდასტურეს, რომ არც მუხიანის მთავარ სამმართველოში და არც მეორე სამმართველოში არ იყო, როდესაც რეალურად იქ იყო და თავისი ყურით ისმენდა ამ ინფორმაციას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხალხმა, ტელევიზიამ და ყურადღებამ გადაარჩინა ადამიანი, რომ არ გახდა ძალადობის კიდევ ერთ-ერთი მსხვერპლი.
უკანონოდ ედავებიან კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსურდი. არანაირ კანონიერ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, მეტიც, პირველივე წამიდან, როდესაც ლაშამ დაინახა სამართალდამცველები, მათკენ წავიდა, რადგან იქ ვინც იყო, ისინი ეგონა ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც სინამდვილეში აღმოჩნდნენ სამართალდამცველები, იმ მიზნით, რომ ისინი დაეხმარებოდნენ. პირიქით აღმოჩნდა, რეალურად სამართალდამცველებმა დააკავეს უკანონოდ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ვიდრე აიყვანეს სამმართველოში, მანამდე შეუძლებელი იყო დადგენა, დაკავებული ჰყავდა პოლიციას თუ უბრალოდ ვინმემ აღუკვეთა მას თავისუფლება. არგუმენტი ის იყო, რომ მას ჰქონდა ე.წ. სანათი პოლიციის ფერებში, რაც, ყველამ ვიცით, 250 თუ 300 ლარი ღირს და ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, დააყენოს მანქანაზე. დაველოდებით პროცესს. სავარაუდოდ, 48 საათის განმავლობაში იზოლატორში დარჩება და პროცესზე უკვე ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ადვოკატმა სოციალურ ქსელში ლაშა ჯიოშვილის მიერ გამოგზავნილი წერილიც გაავრცელა.
„მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა, შედეგი მიღწეულია: „ბატონი“ თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ. ცეცხლი ოლიგარქიას… მალე შევხვდებით“, – ნათქვამია წერილში.
გვიან ღამით ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს.
ფაქტის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა. აქტივისტ თაკო ხელაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ვინაობის კითხვის შემდეგ ჯიოშვილი ამბობს, რომ „რაღაცას უდებენ ჯიბეში”.
ის ასევე ამბობს, რომ იჭერენ პლაკატის გამო, რომელიც აქციაზე ხელში ეჭირა – „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე” ეწერა პლაკატზე.