ადვოკატი: მალანია ამბობს, რომ ნარკოტიკი ბერს ეკუთვნოდა და თავად არაფერი იცოდა

პუბლიკა

ზუგდიდში ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით სასულიერო პირთან ერთად დაკავებული რომან მალანიას ადვოკატი ჯიტა გულუა ამბობს, რომ მალანიას  ჩანთის წაღება დაკავებულმა ბერმა სთხოვა და თავად ნარკოტიკებზე არაფერი იცოდა.

„მალანიამ დაადასტურა, რომ მას ჩანთა მიღებული ჰქონდა მამაოსგან და სთხოვდა, ეს ჩანთა წაეღო თბილისში მეორე დღეს. უნდა ჩამოსულიყო მამაო და გადამეცა მისთვის ჩანთაო. ხოლო ის, რომ იქ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერებები, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუმცა, როცა მან ეს ჩანთა გადმომცა, მთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია – ეს ჩანთა არავითარ შემთხვევაში სხვის ხელში არ უნდა მოხვდესო“, – ამბობს ჯიტა გულუა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთია ბერი გიგა ქავთარაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ბრალდებულ რომან მალანიას  10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.  ხოლო დაკავებული ბერის გიგა ქავთარაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებას, შსს-ში ამბობენ, რომ მასზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ტიპი და ოდენობა.