ადვოკატი მარიანა ჩოლოიანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე მხარეთა წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს მედიასთან.

პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ბრალდების მხარე მარიამ ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს და დღეს სხდომაზე წარადგენს მტკიცებულებების ნუსხას დასამტკიცებლად. პროკურორის თქმით, წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს ჩოლოიანის დანაშაულს.

საიას წარმომადგენლის, რეზო აჭარაძის თქმით, ჩოლოიანის საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს. მისივე თქმით, საქმეში მშობლის ჩვენების გარდა, არის „მწვანე სკოლის“ უსაფრთხოების მენეჯერის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩოლოიანი და სხვა პოლიციელები 10 დეკემბერს დიღმის პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ.

ჩოლოიანის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის ამბობს, რომ დღეს მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და შეიძლება, გირაოს შეფარდებაზეც დადგეს შუამდგომლობა.

„ჩვენ მოვითხოვთ, დატოვოს აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

იმ ვიდეო ფაილზე არსად არ ჩანს, რომ ვინმე ვინმეზე ძალადობს. ამ ვიდეოფაილზე დაყრდნობა საკმარისი არაა. თუ სასამართლოს გადაეცემა განსახილველად, იმედია, ყველა მოწმე იტყვის სიმართლეს. მარიამ ჩოლოიანს ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან შემხებლობა არ აქვს. “ – განაცხადა ადვოკატმა.


არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

ინსპერქტორმა მარიამ ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისრებისთვის გენერალურ ინსპექციას მიმართა.

უწყებაში  „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ გამოიკვეთა.

„იკვეთება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომების ნიშნები, რის გამოც სამსახურმა მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. აღვნიშნავთ იმასაც, რომ გამოძიება გრძელდება ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე და თუ მომავალში გამოიკვეთება რაიმე ახალი გარემოება, რომელიც შექმნის სხვა პირთა მიმართ დევნის დაწყების სტანდარტს, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განგვიცხადეს უწყებაში.

ამავე საქმეზე „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის.