ადვოკატი: მოშიმშილე ისაკო დევიძემ გუშინ მოითხოვა ომბუდსმენის შემოსვლა, მაგრამ ამ დრომდე არ შემოსულა

პუბლიკა

ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობას აგრძელებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილე, ისაკო დევიძე. მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ დევიძემ გუშინ მოითხოვა სახალხო დამცველის შესვლა იზოლატორში, თუმცა ლევან იოსელიანს დემონსტრანტი არ მოუნახულებია.

ტყეშელაძე ამბობს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ძალიან მალე გაუარესდეს, რადგან ის მშრალ შიმშილობაზეა და სთხოვს ომბუდსმენს, მოინახულოს ის.

„ისაკო უკვე 48 საათზე მეტია რაც დაკავებულია და მას არ მიუღია არც წყალი, არც საჭმელი. ისაკო დევიძემ გუშინ მოითხოვა სახალხო დამცველის შემოსვლა, მაგრამ ამ წუთებშიც არ შემოსულა სახალხო დამცველი, არც აპარატის წარმომადგენელი და მე ვთხოვ სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ აღნიშნული საქმე აიღოს მისი დაკვირვების ქვეშ და დაუყოვნებლივ შემოვიდეს, რადგან ისაკო დევიძე ერთი მხრივ არის უკანონო პატიმარი და მეორე მხრივ ის შიმშილობს, არ სვამს წყალს, მშრალ შიმშილზეა და მას სჭირდება სხვადასხვამაგვარი დაკვირვებები, აქედან გამომდინარე გთხოვთ სახალხო დამცველი მალე, დაუყოვნებლივ შემოვიდეს და მოინახულოს ისაკო დევიძე“, – თქვა ტყეშელაძემ.

ისაკო დევიძემ 21 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებდა მშრალ შიმშილობას „რუსული რეჟიმის მიერ საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად“.

19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა. დააკავეს 16 ადამიანი, მათგან სამი ხელწერილით გათავისუფლდა. 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი დაკავებულის საქმეზე იმსჯელა – ორს, ისაკო დევიძესა და დავით წოწორიას 8-8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ირაკლი ანდღულაძეს კი 2700-ლარიანი ჯარიმა .