მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა.
გუშინ გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, სადაც ის ამბობს, რომ შიმშილობს:
„არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება“.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
10 იანვარს რეზო კიკნაძე და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 10 პირი მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.
„საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, ჩვენ ვისჯებით რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?! ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით?! რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით?! პუტინის დაკრულ ტაშს აქედან რომ ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით?! ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით?!“, – თქვა კიკნაძემ სხდომაზე.