ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი საკანში მარტო გამომამწყვდიეს იმის გამო, რომ დაესაჯათ და ტელევიზორიც წაართვეს. როგორც ადვოკატი ამბობს, ჯავახიშვილის დასჯის მიზეზი ისაა, რომ მან ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. 21 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ.
20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
11 იანვარს ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა.