ნინო დათაშვილის ადვოკატი, თამარ გაბოძე ამბობს, რომ ნინო დათაშვილს გუშინ მოტყუებით ჩაუტარეს ამბულატორიული ექსპერტიზა, რისთვისაც ციხეში „მალულად შეაპარეს” ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე.
ადვოკატი მიუთითებს, რომ ამით პროკურატურამ ჩაიდინა „სამსახურებრივი სიყალბე”.
„ერთი მხრივ ამბობს, რომ სწორი იყო იმიტომ, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებს დაეყრდნო, მეორე მხრივ, თვითონვე, თავის შუამდგომლობას და თავისი მოპოვებული განჩინება უარყო, სჩადიან სამსახურებრივ სიყალბეს – შეცდომაში შეიყვანეს ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და მიუთითეს, თითქოს, ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული იმ დროს, როცა დანიშნული იყო სტაციონარული ექსპერტიზა და ორი ინსტანცია მიდიოდა ამაზე დავა, სამსახურებრივი სიყალბით ჩაუტარეს ნინოს მოტყუებით გასაუბრება, რომ თავი დაეძვრინათ ამ ბოროტებისგან.
რატომ ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა, თუ მიიჩნევთ, რომ სტაციონარი იყო აუცილებელი? ან საერთოდ, რატომ შეაპარეთ გუშინ ექსპერტები ისე, რომ ადვოკატებს არ დაუკავშირდით?! უპასუხეთ საზოგადოებას, თუ თქვენ შუამდგომლობაზე მხარს უჭერთ და თუ მიიჩნევთ, რომ აუცილებელია ნინოს სტაციონარში მოთავსება, სასწრაფოდ რატომ გააქანეთ გუშინ ექსპერტები ნინოსთან და ისევ დაარღვიეთ ნინოს უფლებები, ისევ არ უთხარით, რა ხდებოდა მის თავს და როგორმე ცდილობდით, რომ გამოასწოროთ თავისი უდიდესი შეცდომა, რომ ხერხემალზე ჩატარებულ ოპერაციაზე ჩაატარეს სასამართლოში ფსიქიატრიული ექსპერტიზა. უნდოდათ ჩატარება.
ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა. თვითონაც მიხვდნენ და საზოგადოებამ, მათ შორის ექსპერტებმა გააგებინეს, რომ არ შეიძლება, რომ ხერხემლის ოპერაციისა და ხერხემლის ტკივილის გამო, დადგეს შერაცხადობის საკითხი და თავისივე ამ შეცდომას ისე ცდილობენ, რომ გამოასწორონ, არც უთხრეს არც დაცვის მხარეს, არც ნინოს და განჩინება სტაციონარული ექსპერტიზაზეა, ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, სავარაუდოდ, დააძალეს ამბულატორიულზე და შეარბენინეს დავით მაღრაძე გუშინ მალულად, იმიტომ, რომ თავი გადაერჩინათ და ნინო არ გადაეყვანათ. ამით დასტურდება, რომ დაცვის მხარე მართალი იყო, ამით დასტურდება, რომ ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის გამო ადამიანის შერაცხადობის საკითხი იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ.
პროკურატურამ, შეთანხმებით სავარაუდოდ, ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე – განჩინება, რომელიც სტაციონარზეა მითითებული, მიუთითა […] ამბულატორიული იყოს, დადგენილება, არ ვიცი, ახალია და დამალა, თუ ძველ დადგენილებას დაეყრდნო და ძველი დადგენილებით ჩაატარებინა, ჩადენილია ასევე სიყალბე, თუ ახალი გამოიყენა, დაცვის მხარეს ეგ არ აქვს, და მალულად გადაწყვიტეს გასაუბრება, რომ თავიდან აერიდებინათ ხერხემლის გამო ადამიანის შერაცახდობის საკითხი. სწორედ ამიტომ, დაუშვებელია, მედეა ცირამუა დღეს ნინო დათაშვილის პროცესზე იჯდეს”, – განაცხადა მან.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.
საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს. ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.
დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას. ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა. ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.