„ინდიგოს” ჟურნალისტი, საბა სორდია პოლიციამ „გადამოწმების მიზნით”, „მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის” საბაბით დააკავა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა მოინახულა.
წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ ყველაშვილმა თქვა, რომ საბა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრებს უნდა შეხვედროდა, რა დროსაც ორმა პოლიციელმა გააჩერა.
იურისტის თქმით, მათ ჟურნალისტს პირადობის მოწმობის ჩვენება მოსთხოვეს, რასაც ის დაემორჩილა. ასევე დაემორჩილა ჩანთის გახსნის მოთხოვნასაც, ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნაზე კი თქვა, რომ ამას თვითონვე გააკეთებდა.
„ამ დროს პოლიციელებმა მოჰკიდეს მას ხელი, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის მარჯანიშვილის განყოფილებაში”. – ამბობს მარიამ ყველაშვილი.
იურისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ გამოიყენეს ჰომოფობიური ლექსიკა, ასევე, წაართვეს კამერა GoPro და უთხრეს, რომ მას დაუმტვრევდნენ.
„დაკავების მომენტში საბასთვის არ უთქვამს, რომ მას აკავებდნენ და ამიტომ გადაჰყავდათ განყოფილებაში. განყოფილებაში უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ასევე, საბამ თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში მის მიმართ ჰომოფობიური სიტყვები გამოიყენეს, რადგან მას ეკეთა საყურე, ასევე, ჩამოართვეს GoPro, რომელიც ახლა პოლიციაშია.
საბამ თქვა, რამდენჯერმე ვთხოვე, რომ კამერა არ დაიკარგოსო, რაზეც მიპასუხეს, თუ ამას კიდევ რამდენჯერმე გაიმეორებ, დავამტვრევთ შენს კამერასო, რაც პოლიციელების მხრიდან შეუსაბამო საქციელია”. – თქვა იურისტმა.
მარიამ ყველაშვილი ამბობს, რომ აპირებენ, მიმართონ სახალხო დამცველს როგორც კამერის დამტვრევის მუქარის, ისე ჰომოფობიური კომენტარების გამო.
ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად როდის გაათავისუფლებენ საბა სორდიას: დაკავებიდან 24 საათში თუ 48 საათში.
მარიამ ყველაშვილის თქმით, საბას პოლიციელებისთვის არ უთქვამს, რომ ჟურნალისტია, ვინაიდან ჩხრეკის დროს არ მუშაობდა.