ადვოკატი: პრეზიდენტს ჯერაც არ მიუღია ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისი, შეწყალების მიუხედავად, კვლავ საპატიმროში რჩება.

ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერაც არ მიუღია განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწეროს. ადვოკატი ამბობს, რომ გრიგორიადისის გათავისუფლებას განზრახ აჭიანურებენ.

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი – 9-წლიანი პატიმრობა სასამართლომ 12 აპრილს გამოაცხადა. იმავე საღამოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას შეიწყალებს.

მას შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის საპატიმროდან გამოშვების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.

ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, „სასამართლოს განაჩენი მხარეს გადაეცემა 5 დღის ვადაში, მაგრამ მრავალტომიან საქმეებზე – 14 დღის ვადაში”.

„ლაზარე გრიგორიადისის საქმე როგორ შეაფასა მრავალტომიან საქმედ, არ ვიცი. თუ 4 პოლიციელის ნარატივი ნიშნავს, რომ საქმე მრავალტომიანია, სასაცილოა. განაჩენი ამ ეტაპზე სასამართლოს მზად არ აქვს”. – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, პენიტენციურ სამსახურში გადაგზავნილია ცნობა, რა განაჩენი გამოვიდა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე.

„ჩემი ცნობით, ამ ეტაპზე დარჩენილია ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღოს სარეზოლუციო ნაწილი. მაქსიმუმ ხვალამდე დაველოდებით, თუ არადა მივიღებთ კანონისმიერ ზომებს. მოვთხოვთ პენიტენციურ დაწესებულებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაუგზავნოს სისხლის სამართლის მთლიანი საქმე”. – თქვა ლიკა ბითაძემ.