ადვოკატ გიორგი ჩომახაშვილის თქმით, საბა სხვიტარიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში მასზე ფიზიკურად იძალადეს.
„საბას აქვს დაზიანებები. მისი განმარტებით, დაკავების შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა გადასვეს ტოიოტა ქემრის მანქანაში, სადაც იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ზოგს ჰქონდა პოლიციის აღმნიშვნელი ნიშანი, ზოგს არა. ჩამოიყვანეს ამ შენობაში. გამომძიებლები გავიდნენ ოთახიდან და შემოვიდნენ ნიღბიანი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს ამ შენობაში მეხუთე სართულზე.
მისივე განმარტებით, მიიღო დაზიანებები ამ ძალადობის დროს. დაზიანებები აქვს ტანზე და თავზე.
მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი“, – თქვა ადვოკატმა.
შსს-მ განაცხადა, რომ „ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა“.
სს, სავარაუდოდ, სწორედ საბა სხვიტარიძეა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
- 225-ე მუხლი არის „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა”.
- 239/1 მუხლი არის ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება.
- 253/1 მუხლი – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.