შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს.
ვლადიმერ ხუნდაძის პარალელურად ცოტა ხნის წინ, 16 იანვარს, IPN-ის ცნობით, პენიტენციური დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა მისმა ძმამ კობა ხუნდაძემ, რომელიც წლების მანძილზე საქართველოს რკინიგზაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.
„როგორც გავიგე, ასე ( თვითონ ჩაბარდა) და მისი ძმა გამოუშვეს და ეგ ჩაბარდა. მისი ძმა არ ვიცი რატომ გამოუშვეს. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს, ეს კი ჩაბარდა. ყველა ადვოკატი ჩამოაშორესო, მათ შორის, მეც მითხრეს, თავი შეიკავეო. ეს მოხდა ერთი თვის, თვენახევრის წინ. მისი ძმა ხომ არის კობა, ის გაუშვესო გირაოთიო და ესო, ვლადიმერი კი ჩაბარდაო, ასე მითხრეს.
ეტყობა, თავის თავზე აიღო. მკურნალობა ჩაიტარა, ოპერაცია ჩაიტარა და მერე ალბათ, რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, რაღაცაში იყო საქმე და ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი”, – ამბობს ზურაბ ტაბიძე “პირველებთან” სატელეფონო საუბარში.
ძმები ხუნდაძეები სუს-ის მაღალჩინოსანთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირები არიან. პროკურატურამ კობა ხუნდაძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2025 წლის ოქტომბერში წაუყენა. დაკავებულს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ამავე პერიოდში პროკურატურისა და სუსის ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული კიდევ 5 პირის საქმეში ჩხრეკები ჩატარდა.
რაც შეეხება მეორე ძმას, ვლადიმერ ხუნდაძეს, რომელიც შემოსავლების სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ძმის დაკავებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ გორში ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დამზადების საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა.