ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი წარმოებაში მიიღო

პუბლიკა

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ქაჯაიას საჩივარი და საქმის არსებით განხილვას იწყებს.

ადვოკატის ცნობით, საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას 5000 ლარით დაჯარიმებას.

როგორც მიგინეიშვილი წერს, უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით მოითხოვენ, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევა.

„არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ – მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ქვეყნის შიგნით“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.


28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ბაჩ ქაჯაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.

მსახიობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავებოდა 9 იანვარს აქციაზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, როცა ამისთვის ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო.

დაცვის მხარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტას მოითხოვდა, რადგან, ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, ბაჩო ქაჯაია აქციას მაშინ შეუერთდა, როცა გზის სავალი ნაწილი უკვე გადაკეტილი იყო.

21 იანვრის პროცესზე პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.

„ჩემი მიზანი ყოველთვის არის ევროპული მომავლის დაცვა, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეგობრებისთვის ვდგავარ იქ, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანებისთვის, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში ნაცემები არიან და იმ უსამართლობის განცდის გამო ვდგავარ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და ეს მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს.

ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ქმედებას, რადგან ვხედავ და ვატყობ, რომ საზოგადოებისთვის უფრო ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე, როდესაც საჯარო სივრცეში ვარ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო. ეს გააზრებული მაქვს.

ყოველთვის ვცდილობ, პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს ქმედებას, რადგან შეიძლება, რაღაც მიმბაძველობითი იყოს ან ა.შ. ამიტომ ყველა ჩემს ქმედებას საჯარო სივრცეში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები და არასდროს არცერთ შემთხვევაში არ მახსოვს, ან მოსულიყოს სამართალდამცველი ჩემთან და რამე მითითება მოეცეს, თუ ეს ასე ყოფილა და მე არ მახსოვს, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ მას მე არ დავემორჩილებოდი.

მგონია, რომ ჩემი ქვეყნის და ხალხის წინაშე არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის და არ ვარ ღირსი, რომ ადმინისტრაციული სანქცია დამეკისროს“, – თქვა მან.