თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის კომპიუტერის შემოწმების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა.
ექსპერტიზიდან გამოსულმა ადვოკატმა მედიასთან განაცადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპიდან ამოღებულია 193 000 ფოტო და 400-ზე მეტი ვიდეო. ასევე ირკვევა, რომ გარდაცვლილმა ბოლოს ლეპტოპი 18 ივლისს 10:02-ზე გამოიყენა. ადვოკატის თქმით, კომპიუტერში არ აღმოჩნდა „მიმოწერის პროგრამები“.
„უნდა ვნახოთ, სად არის შესული, მიმოწერა, ვთქვათ, ამდაგვარი… ნუ ფეისბუქზეც არის შესული, მაგრამ საიდან არის შესული, ლეპტოპიდან არ არის შესული, იმიტომ, რომ არ არის იქ ეს პროგრამა ჩაწერილი.
სამსახურებრივი ამდაგვარი შესვლის ფაილები მე იქ ვერ ვნახე, რამე აღდგენილი ან წაშლილი არ არის და რაც მთავარია, მათი მტკიცებით, 18 ივლისის 10:02-დან ლეპტოპს არავინ არ გაჰკარებია.
აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ აუცილებლად არის ჩასართველი, ყოველ მიზეზგარეშე ფედერალური ბიუროდან დამატებით ექსპერტები, იმიტომ, რომ მე აქედან უფრო მეტი ეჭვი მიჩნდება, რომ ხდება აქ კომპიუტერთან მიმართებით იმის შექმნა, იმიტომ რომ მიდიოდა გარკვეულწილად უკვე დამატება რაღაც ისეთი ინფორმაციების, რომ გამყარდეს ის დამოკიდებულება და ვერსია, რომ ამ გოგომ თითქოსდა მართლა მიიყვანა საქმე თვითმკვლელობამდე.
არაფერი საინტერესო მანდ არა დევს, ისეთი ფოტოებია იქ რაღაცა გაურკვეველი ყვავილების… ანუ ადამიანი, რომელიც დასაქმებულია და არის მცოდნე კომპიუტერული სისტემის, კიბერმცოდნე აბსულუტურად არანაირი ინფორმაციის მფლობელი არ არის…“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს. ბაჩალიაშვილის მშობლები მათი შვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სპეციალისტების ჩართვას მოითხოვენ.
ბაჩალიაშვილის მშობლების მხარდასაჭერად ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბნენ მოქალაქეებიც, მათ შორის, 2017 წელს პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ის პოლიციამ დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თავისსავე მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაუმატა.
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მათი შვილი თავს არ მოიკლავდა და თამარ ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, მოკლულია.