ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] 28-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს. ადვოკატის თქმით, ქათამაძე პროტესტის ნიშნად სამედიცინო გამოკვლევებზე უარს ამბობს.
როგორც „ბათუმელებთან“ კომენტარში ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ამბობს, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული.
„ისევ აგრძელებს ბატონი თემური შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე.
თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. იცით, რომ მას უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა, კიდევ ერთი იქნება, სადაც უნდა გაასაჩივროს ლტოლვილისა და ჰუმანიტარულ სტატუსზე უარის თქმის საკითხი. ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მას სჭირდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მტკიცებულებები.
მისი შიმშილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ყოველდღე ამზადებს გარკვეულ ახსნა-განმარტებებს საქმისთვის, უკავშირდება ახლობლებს მტკიცებულებების მოძიების მიზნით და ამაშიც ძალიან შეზღუდულია, რადგან კვირაში სამი დღე აქვს, როცა შეუძლია 4-წუთიანი ზარის განხორციელება ახლობლებთან.
შემოწმება, რაც მას იზოლატორში უტარდება – წნევის გაზომვა, შაქრის დონის ან სატურაციის გაზომვა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული სურათი მოგვცეს.
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში და კრიტიკული იქნება, რა თქმა უნდა, მისი კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა არსებობს, თუ ამაზე ექიმის დასკვნა იქნება,“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
„ბათუმელების” შეკითხვაზე, თუკი ქათამაძე უარს ამბობს კვლევებზე და არც სხვა ექიმი შედის მასთან გამოკვლევებზე, ვინ დაწერს ამ სამედიცინო დასკვნას? მარიამ გაბროშვილი პასუხობს, რომ რადგან ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე პროტესტის გამო უარს ამბობს გამოკველევებზე, ამიტომ ვერ მოხერხდება დამოუკიდებელი ექიმის შეყვანა დასკვნის დასაწერად.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ხოლო როცა იზოლატორი დატოვა – 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავება უკავშირდება „ალბათ საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას”. ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში ის ამბობს, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თემურ ქათამაძის საჩივარი, შესაბამისად, მისი პატიმრობა ძალაში დარჩა.