ადვოკატი: უჩა აბაშიძე იარაღის ფლობის ბრალდებით დააკავეს

პუბლიკა

სამხედრო ექსპერტი და ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„უჩა აბაშიძე დაკავებულია, როგორც პოლიციელებმა თქვეს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა/შენახვას. ახლა გადაჰყავთ საგამოძიებო დანაყოფში, მოგვეცა 3 წუთი, რომ გავსაუბრებოდით. ახლა მივდივართ საგამოძიებო დანაყოფში და მას გავესაუბრებით ცალკე“, – აცხადებს ადვოკატი.

შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა პოლიციელებს ჩხრეკის ორდერი, ადვოკატი პასუხობს:

„ამ ინფორმაციის გარდა სხვა არ გვაქვს. უკვე დაკავებული ადამიანი გამოჰყავდათ სახლიდან, ჩამოჰყავდათ კიბეზე და მაშინ აგვიშვეს ჩვენ. დაცვის უფლება უჩა აბაშიძეს უკვე დარღვეული აქვს, დანარჩენს საგამოძიებოში შევხედავთ“.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია რამდენიმე საათის წინ შევიდა. როგორც მისი ახლობლები წერდნენ, აბაშიძეს არ აძლევდნენ ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას.

ბლოგერის მხარდასაჭერად, მის სახლთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიციაც.

აბაშიძემ სოციალურ ქსელში რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა.