ადვოკატის განცხადებით, ზუგდიდში „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული და სამტრედიის იზოლატორშია გადაყვანილი.
ეს კომენტარი ადვოკატმა როლანდ შონიამ IPN-თან გააკეთა.
„როგორც მარიამ სიჭინავამ მითხრა, დაკავების დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები. უფლებები არ განუმარტავთ, დარეკვის უფლება არ მიუციათ. სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ ჩაინიშნება, თუმცა ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. მარიამი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 174 -ე პრიმა მუხლით“, – განაცხადა როლანდ შონიამ.
ეს მუხლი შეკრებისა ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
მიხეილ ყაველაშვილის მიერ 30 დეკემბერს გამოქვეყნებული ცვლილებით, ამ მუხლს დაემატა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები აქციაზე პიროტექნიკისა და სახის დაფარვის გამო.
აქციაზე ნიღბის ტარებისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის მარიამ სიჭინავას 6 სამართალდარღვევის ოქმი გაუფორმეს. პირველად სიჭინავას ოქმი 30 დეკემბერს გაუფორმეს, როცა ძალაში შევიდა აქციაზე სახის დაფარვის აკრძალვა.
სახის დაფარვისთვის სამართალდარღვევა 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო პიროტექნიკის გამოყენება – 5000 ლარს.
ადმინისტრაციულ კოდექსში ჯერჯერობით ნიღბის ტარებაზე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაზე სანქციის გამკაცრების შესახებ ჩანაწერი არ არის, პიროტექნიკის გამოყენების მუხლი კი ორგანიზატორის შემთხვევაში 15000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ზუგდიდში მარიამ სიჭინავა, კერენ ესებუა და რამდენიმე აქტივისტი ადმინისტრაციულ კოდექსში შესულ რეპრესიულ ცვლილებებს 30 დეკემბრიდან მოყოლებული აპროტესტებენ და მიზანმიმართულად არღვევენ წესებს.
კერენ ესებუას ცნობით, მისი და აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას პროცესი დღეს, 14:00 და 15:00-ზე ჩაინიშნა.
კერენ ესებუას მიმართ სამი ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული, ვართაგავას მიმართ – ერთი.