ადვოკატის ცნობით, არტემ გრიბული შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

განახლება: 3 ნოემბერს 3 ნოემბერს ადვოკატმა განაცხადა, რომ არტემ გრიბულმა შიმშილობა შეწყვიტა. უფლებადამცველის თქმით, მისი სურვილია ადვოკატების ყურადღება მაქსიმალურად მიმართული იყოს ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობაზე.

ადვოკატი დარია სამოდუროვა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, არტემ გრიბული შიმშილობას იწყებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თუ რა პირობებში იმყოფება ანასტასია ზინოვკინა.

„რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა – არტემ გრიბულმა. მედიიდან შეიტყო შემზარავი ამბავი ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა გახდა არაადამიანური მოპყრობიის მსხვერპლი ციხის თანამშრომლების მხრიდან. არტემ გრიბულმა შემატყობინა, რომ იწყებს შიმშილობას. არტემ გრიბულის მოთხოვნა არის, გამოვლინდეს ყველა ის N5 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას; გამოვლენილი ყველა დამნაშავე გათავისუფლდეს სამსახურიდან და დაისაჯოს“, – წერს ადვოკატი.

ანასტასია ზინოვკინას ნაცნობმა, ალიონა ზაიცევამ 30 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია მასთან სატელეფონო საუბრის შესახებ. პატიმარი ამბობს, რომ ზინოვკინას აწუხებს ზურგი, იმდენად, რომ 29 ოქტომბერს ტკივილის გამო ვერ შეძლო ადგომა, ითხოვდა დახმარებას 8 საათის განმავლობაში, 21:00 საათზე მასთან მედდა მივიდა, „პამპერსი ესროლა და გავიდა“:

„ნასტიას ზურგის სერიოზული პრობლემები აქვს. მას რეგულარულად აძლევენ გამაყუჩებლებს, მაგრამ არ მკურნალობენ. არ აძლევენ ორთოპედიულ მატრასს და ბალიშს. მან სცადა შეძენა ციხეში: თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ უთხრეს, რომ ეს აღარ მოხდებოდა. გუშინ ზურგის მდგომარეობა გაუარესდა.

დილით ექიმი შევიდა და გაუკეთა ნემსი. 12:30-ზე ზურგი ისე ატკივდა, რომ ადგომა ვეღარ შეძლო. ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა რვა საათის განმავლობაში. ნასტია ერთადგილიან საკანშია, ანუ ვერავინ დაეხმარება ადგომაში.

დარაჯები ხსნიდნენ სარკმელს და ეუბნებოდნენ, რომ ვერაფრით ვერ დაეხმარებოდნენ.
გუშინ შხაპის დღე იყო და ვერ შეძლო გასვლა. დარაჯებმა დაწერეს, რომ თითქოს მან უარი თქვა შხაპზე.

ნასტია რვა საათის განმავლობაში იწვა, ვერ დგებოდა და ტუალეტამდე მისვლასაც ვერ ახერხებდა. 21:00-ზე შევიდა მედდა, არ დაეხმარა ადგომაში — პამპერსი ესროლა და გავიდა. ნასტიამ სცადა ადგომა, რომ პამპერსი ჩაეცვა, დაეცა იატაკზე და იქვე იწვა ღამის 12 საათამდე. შუაღამეს კამერაში შევიდნენ და იატაკიდან გადაიყვანეს საწოლზე. დარაჯებმა დაწერეს, თითქოს გაურკვეველი მიზეზით არ გამოცხადდა საღამოს შემოწმებაზე“.

ალიონა ზაიცევა წერს, რომ ზინოვკინამ დილის 6 საათზე შეძლო ტუალეტამდე „მიძრომა“ და პამპერსის გადაგდება. მისივე ცნობით, დილის 10 საათზე მასთან იგივე ექიმი შევიდა და უთხრა, რომ საჭიროა ნევროლოგი – „ერთადერთი, რაც შეუძლია შესთავაზოს, არის უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ფსიქიატრთან უნდა შეთანხმდეს“.


12 სექტემბერს აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5 – 8.5 წელი მიესაჯათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი ჩაუდეს აქციებში მონაწილეობის გამო.