ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები „ტვ პირველთან“ ადასტურებენ, რომ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე ყოფილი პრემიერის ბინას ყადაღა დაედო. ამირან გიგუაშვილის თქმით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ 1 მლნ-ლარიანი გირაო, რომელიც ღარიბაშვილს აღკვეთის სახით ჰქონდა შეფარდებული, უძრავი ქონებით ჩანაცვლებულიყო.
„მე როგორც ადვოკატმა მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით, რომ იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, რაც სასამართლომ შეუფარდა ბატონ ირაკლის, ჩანაცვლებულიყო უძრავი ქონებით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. [მხოლოდ ამ ბინას დაედო ყადაღა?] კი, კი“, – ამბობს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი „ტვ პირველთან“.
„ტვ პირველთან“ ღარიბაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ლილი გელაშვილიც ადასტურებს, რომ ყოფილმა პრემიერმა ის სახლი ჩადო, რომელშიც ცხოვრობს. მისივე თქმით, ღარიბაშვილის ასევე მამამისის სახლიდან არც ერთი ნივთი არ ამოუღიათ.
„ნამდვილად ჩადო სახლი, რომელშიც ცხოვრობს… მილიონად კი არა, უფრო მეტადაც არის შეფასებული, გადააჭარბა, მაგრამ ეს სახლი ჩადო. რაიმე დაყადაღება სხვა სახით და სხვა ფორმით არ მომხდარა. […] არა თუ საათები, ერთი ნივთიც კი, ოქროსი, იქ რაც არის ნაჩვენები ზოდები და, რაღაც რამაც ასე იმოქმედა ხალხის ემოციებზე და ამაზე იყო სწორედ გათვლილი ამ ინფორმაციის მიწოდება, როცა დიფერენცირება არ მოხდა ვისგან რა იყო ამოღებული, ერთი ნივთიც კი არ არის, არა თუ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალოდ მისი ბინის ჩხრეკიდან, არამედ მის ახლობელთან, მამამისთანაც რომ არიან შესული, ერთი ნივთიც კი არაა [ამოღებული]“ – ლილი გელაშვილი.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, ჩამოართვა პასპორტი და შეუზღუდა ქვეყნიდან გასვლა. ღარიბაშვილს გირაოს გადასახდელად 30 დღე განესაზღვრა.