ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ექიმებმა ის საკაცით გაიყვანეს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია, რომელმაც ახლახანს დატოვა გლდანის მე-18 სამკურნალოპ ენიტენციური დაწესებულება, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის დროს გონება დაკარგა.

„საკაცე გახდა საჭირო, გადავიყვანეთ საკაცეზე და არ ვიცი, ამ წუთას რა მდგომარეობაშია, ველოდებით, რა განცხადებას გააკეთებს პენიტენციური.

მიშა გამოდიოდა ადვოკატების შეხვედრიდან და რომ გამოდიოდა, ოთახში მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში ჩამოიტანეს საკაცე. ერთი სიტყვა არ გამიგია მისგან, თვალებს უხსნიდნენ თანამშრომლები. 10 წუთი მოვიცადეთ, ვიდრე გამოვიდოდით, იქნებ რამე გაგვეგო.

მანამდე ვესაუბრებთ, იყო ძალიან მძიმედ და ცუდად და რომ გამოვდიოდით, მოსხლეტით წაიქცა. 10 წუთია, რაც აიყვანეს, შეიძლება ცოტა მეტი ან ნაკლები. არ ვიცი, სამედიცინო კუთხით რა უნდა ვთქვა“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, შიმშილობს.

გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.