ადვოკატის ცნობით, სახელმწიფომ მიხეილ კალანდიასთან მორიგებაზე უარი თქვა

პუბლიკა

ადვოკატ ზურაბ თოდუას ინფორმაციით, სახელმწიფომ უარი თქვა დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიასთან მორიგებაზე.

ნოემბერში ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კალანდია საქართველოს წინააღმდეგ“ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობას მიეცეს კალანდიასთან შეთანხმების წინადადება 2024 წლის 14 თებერვლამდე.

დღეს კი ზურაბ თოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა მორიგებაზე და დრო მოითხოვა ევროსასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

„ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)? ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)? სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო“, – აცხადებს თოდუა IPN-თან.

თოდუას შეფასებით, სახელმწიფოსთვის მორიგება მიუღებელია, რადგან მას მოუწევს აღიაროს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვენეციის კომისიის დადგენილების საწინააღმდეგოდ შეიქმნა და მოუწევს განმარტოს, რატომ დაირღვა ეს დადგენილება.

მისი თქმით, თუ სახელმწიფო ამას აღიარებს, მაშინ მოუწევს აღიაროს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაც.

„ეს კი იმის აღიარებაც არის, ამ საქმისათვის სპეციალურად როგორ გაამწესეს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი, როგორ დააწინაურეს ის მიხეილ კალანდიას საქმის დამთავრებისთანავე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, როგორ გახადეს იუსტიციის საბჭოს მდივანი და როგორ დაბლოკეს დასაბუთებული საჩივრების განხილვა ამ მოსამართლის მიმართ, როდესაც ის სხდომების მიმდინარეობისას facebook-ით მთელი 8 საათის მანძილზე ერთობოდა.

ამ მოცემულობის აღიარება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ სასამართლომ დაურღვია მიხეილ კალანდიას დაცვას უფლება, როდესაც არ მისცა შესაძლებლობა, დაეკითხა ის პირები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს […] მთავრობას საპარლამენტო კომისიის პოლიტიზების აღიარებაც მოუწევს“, – ამბობს ის.


2020 წლის 25 თებერვალს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე მოსამართლემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა, გადაწყვეტილება გამოაცხადა – კალანდია სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 15 წელი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს განცხადებით, სხდომებზე დადგინდა, რომ სარალიძე კალანდიას მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე განსახილველად არ მიიღო.