გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, გადამწვარია.
„ის ადგილი, სადაც გური ამირხანაშვილი საუბრობს, რომ ის იმალებოდა და შემდგომ უკვე იქ მივიდნენ ეს პირები და დაუძახეს და ამოიყვანეს, ჩვენ გუშინ გავიარეთ და ვნახეთ, რომ ის ადგილი არის დამწვარი ანუ ის მიმდებარე ტერიტორია არის დამწვარი. მე ზუსტად არ ვიცი ახლა ამირხანაშვილი რა ადგილზე იმალებოდა, კონკრეტულად რომელ წერტილში იდგა, თუმცაღა, რომ შევხედეთ, თვალსაჩინო არის რომ ეს ადგილი არის დამწვარი. ეს აჩენს კითხვებს გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით და ესეც უნდა აღვნიშნოთ, ეს ადგილი რატომ დაიწვა, იქ რა მტკიცებულება შეიძლება განადგურებულიყო ამ ადგილის დაწვით, ეს გამოძიებამ უნდა შეაფასოს“, – აცხადებს გიორგი გელხაური.
შინაგან საქმეთა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 17-ვეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის დეტალებთან დაკავშირებით პროკურატურა აცხადებს, რომ მომხდარი ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, ასევე ვიდეოკამერების ჩანაწერებით.
უწყება არაგვის ხიდის მიმდებარედ მომხდარ ეპიზოდზე წერს, რომ ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, 14 პირი როგორ დაესხა თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს. უწყება აქვე აკონკრეტებს იმას, რომ მათ ამ დროს სამ პირზე – კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.
პროკურატურა წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. მათი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.