ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თავისუფალია. ადვოკატის თქმით, ის ესპანეთში დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გაათავისუფლეს. სხვა დეტალებზე ჭკადუა არ საუბრობს, თუმცა აღნიშნა, რომ როგორც კი შესაბამის დოკუმენტაციას გამოუგზავნიან, განცხადებას გააკეთებს.
„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ ნამდვილად გათავისუფლებულია. სხვა დეტალებს ოფიციალურად ველოდები. როგორც კი გამომიგზავნიან დოკუმენტს, ვთარგმნით, აუცილებლად განცხადებას გავაკეთებ.” – განაცხადა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
ესპანეთში ბიჭიკო პაიკიძის დაკავებაზე, საქმის პროკურორმა, 19 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ბიჭიკო პაიკიძე იყო ძებნილი. მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 9 დეკემბერს მოხდა მისი დაკავება ესპანეთში, ბარსელონაში. ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.“- განაცხადა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს.
24 სექტემბერს, სუსმა ძებნა გამოაცხადა კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ბიჭიკო პაიკიძეზე.
სუსის განცხადებით, ძებნის გამოცხადებას საფუძვლად დაედო გამოძიება თაღლითობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების შესახებ. სუსი ამბობს, რომ საქმე ეხება თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას.
„სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს BP Trans-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი. ხოლო შპს BP Trans-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალი და გამოცხადდება ძებნა“, – აცხადებს უწყება.
სუსის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 80-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.