ადვოკატის ინფორმაციით, გასულ ღამეს აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს.
მანაგაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კერძოდ, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.
როგორც ადვოკატი მარიამ პატარიძე „პუბლიკას” ეუბნება, მანაგაძე აქციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც კოსტავას ქუჩაზე, „სტამბას” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
„ნიკოს მიმათ განხორციელდა არა დაკავება, არამედ გატაცება. ფიზიკურად დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა. მასთან შევიდა ერთ-ერთი პირი და უხეშად ეუბნებოდა, თუ რატომ დადის აქციებზე და როდემდე აპირებს ასე გაგრძელებას. ნიკოს პასუხი უკვე იზოლატორიდან არის, რომ ის არ აპირებს დანებებას და არის მხნედ”, – აცხადებს ადვოკატი.
რაც შეეხება მანაგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც პატარიძე ამბობს, აქტივისტი ნაცემი არ არის.
დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მანაგაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.
„ტრადიციული ზარი – განახლდა გამოკითხვებზე ტარების სერიები.
პოლიციის მთავარ სამმართველოში ხართ დაბარებული დღეს 17 საათზე და უნდა გამოცხადდეთო.ყველაფერი გასაგებია, მაგრამ 1 საათით ადრე შეტყობინება რა უბედურებაა. რასთან დაკავშირებით მეთქი და რომ მოხვალთ, აქ გაიგებთ ყველაფერსო.
რა თქმა უნდა, შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და მხოლოდ იქ გამოვცხადდები. არ ვაპირებ ამათ ხუშტურებზე სიარულს. ვრჩები რუსთაველზე.
პ.ს. „რადიკალური” აქციების ლიდერს ეძებენ და ვერ გამოძებნეს. ვერაფრით აღიარებენ, რო ყველაფერი თვითორგანიზებით ხდება”, – წერდა მანაგაძე სოციალურ ქსელში.