შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ., ადვოკატების ინფორმაციით, სხდომის მიმადინარეობისას ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, არასრულწლოვანი ბრალდებული მეოთხე დღეა, შიმშილობს და, როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
„მითხრა, რომ თავბრუსხვევა აქვს და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პირველადი დახმარების შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება, ექნება თუ არა პროცესის გაგრძელების საშუალება. დაველოდებით, რას გვეტყვიან ექიმები და რამდენად შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ზ.ხ.-ს სურვილი აქვს, რომ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, თუმცა ვნახოთ, რამდენად მოგვცემს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომაზე დღეს მოწმეები გამოიკითხებიან.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გამოიკითხება ექვსი მოწმე – სამი გამომძიებელი და მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირი.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.