ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბაბილოსთან“ აქციაზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ გუჯა ავსაჯანიშვილთან დაკავშირებას ცდილობს.
ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც იზოლატორში დარეკა ინფორმაციის მისაღებად, გვეუბნება, რომ შაკო მაღრაძის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება ექიმმა მიიღო, რადგან მას მუცელი სტკიოდა.
ტყეშელაძე განგვიმარტავს, რომ იზოლატორის ექიმებს პატიმრების კვლევის დამატებითი საშუალებები არ აქვთ, რის გამოც პროტოკოლურად იღებენ მათი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას.
ტყეშელაძის ინფორმაციით, შაკო მაღრაძე არ შიმშილობდა და არც რამე სახის დაზიანებაზეა საუბარი.
შაკო მაღრაძე მოსამართლეების ქეიფის პარალელურად გამართულ აქციაზე დააკავეს და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
12 იანვარს მოსამართლეები რესტორან „ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს. ადგილზე საპოლიციო ძალებმა მედიას არ მისცეს საშუალება მათი გასვლის კადრები გადაეღოთ. მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.
შაკო მაღრაძის გარდა ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ სხვა დაკავებულებს:
ზურაბ მანჩხაშვილს – 13- დღიანი, დენის ბულკაშვილს – 14-დღიანი, ბექა პაპაშვილს – 15-დღიანი, ტიტე გედენიძეს, კახა ჯაფარიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს და გიორგი რობაქიძეს 10-10-დღიანი.
ნუცა მახარაძე 3000 ლარით დაჯარიმდა.