ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის ციხიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას ითხოვენ

პუბლიკა

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვენ.

მისივე განცხადებით, დღეს აპირებენ, პენიტენციურ სამსახურს მიმართონ, ვინაიდან მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ბაჩიაშვილის იმავე დაწესებულებაში დაბრუნება.

„გიორგის მდგომარეობა, ფაქტობრივად, უცვლელია და იგივეა, რაც იყო გუშინ. მას აღენიშნება დაზიანებები სხეულზე, გარკვეული მონაკვეთები აქვს შეხვეული, მათ შორის თავი, ხელი, აქვს ძალიან დიდი დაზიანება მათ შორის მარცხენა ხელზე, აქვს ნაკერები, სამი ნაკერი თავის არეში, გადაადგილდება ეტლით, აქვს პრობლემები გადაადგილების და კოორდინაციის. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, ჯგუფთან ერთად გასაუბრების დროს, იძულებული გახდა შეეწყვიტა, იმიტომ, რომ აღარ შეეძლო გაგრძელება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

დღეს ვაპირებთ, მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად მისი იმავე დაწესებულებაში დაბრუნება. მოვითხოვთ #12 დაწესებულებაში [გადაყვანას], სადაც ის იყო მანამ, სანამ მისი აქ გადმოყვანა მოხდებოდა. ცხადია, ნებისმიერ დაწესებულებაში ის რისკის ქვეშ არის, მაგრამ იმავე დაწესებულებაში მისი დაბრუნება მიგვაჩნია, რომ არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი. ამიტომ, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა მისი იქ დაბრუნება“, – თქვა დავით ჯანდიერმა „ტვ პირველთან“.


„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს საღამოს 7 საათზე მასთან საკანში შევიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ჯერ გინება დაუწყო, შემდეგ კი ჩხუბზე გადავიდა. როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თავდამსხმელმა შუშის ჭიქა გადაამსხვრია თავზე, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

ბაჩიაშვილი ფიქრობს, რომ „ეს მუქარის მესიჯის აღსრულება იყო.“ რადგან 8 ივლისს N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და „რამდენჯერმე ურჩია რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.“

პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ეს არის „ინციდენტი მსჯავრდებულებს შორის, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხადასხვა სახის დაზიანება”