ადვოკატის თქმით, გიორგი მოსიაშვილს გაუთქმელობის ვალდებულებაზე მოაწერინეს ხელი

პუბლიკა

„გირჩი TV-ის“ თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „პუბლიკას“ განუცხადა, რომ ის მოწმის სახით იყო გადაყვანილი, თუმცა რა საქმეზე, ამის შესახებ მხარე ვერ საუბრობს. თუთბერიძის თქმით, მოსიაშვილს გაუთქმელობის ვალდებულებაზე მოაწერინეს ხელი.

ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი მოსიაშვილის გადაყვანა კავშირშია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან და მისი მონაწილეების დაშინების კამპანიასთან.

„გადაყვანილი იყო მოწმის სტატუსით, როგორც გავიგეთ უკვე მოგვიანებით.  გაუთქმელობის ვალდებულებაზე მოაწერეს ხელი, ამიტომ საქმის შინაარსზე თვითონაც საჯაროდ ვერ საუბრობს და ამ ეტაპზე მეც თავს შევიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ამგვარი ვალდებულება.

ზოგადად რაც შეეხება იმ პროცესს, რაც ხდება, ეს არის ცხადია იმ რეპრესიული პროცესების გაგრძელება, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს, და მიზნად ისახავს უბრალოდ პროტესტის, ჩახშობას, ადამიანების დაშინებას, რომ არ გამოხატონ საკუთარი აზრი ღიად“, – აცხადებს ადვოკატი.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი გადაყვანა საპროტესტო აქციებს, ადვოკატი ამბობს, რომ კი.

„რა თქმა უნდა. ყველა დაკითხვაზე, ყველა პირის მიმართ მთავარი საგანი საუბრის არის ხოლმე – რატომ დადიხარ აქციეზე და ა.შ.“, – ამბობს ადვოკატი.

გიორგი მოსიაშვილი ადვოკატის გარეშე გადაიყვანეს და გამოკითხეს. თუთბერიძე ამბობს, რომ ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაა.

„დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი სამართალდარღვევა არის, მათ შორის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე გამოვცხადდი მოსიაშვილის შემთხვევაში გამოკითხვაზე, არ უზრუნველყვეს ის რომ ის შეხვედროდა ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვდა მუდმივად, რის გამოც გამოკითხვაში მონაწილეობა ვერ მივიღე.

ბუნებრივია, ეს არის დაცვის უფლების ძალიან მარტივი და შაბლონური შეზღუდვა, როცა დაკავებულს არ აძლევენ საშუალებას, მისი უფლება გამოიყენოს ადვოკატთან დაკავშირებით და ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

ცხადია ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევა და ცხადია, იმ ადამიანებმა ვინც ამ უფლების შეზღუდვა გადაწყვეტა, ჩაიდინეს დანაშაული“, – ამბობს ის.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრების ცნობით, პოლიციამ სახლიდან გადაიყვანა „გირჩი ტივის“ თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი.

„პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი. არ ვიცით, სად ჰყავთ, არ ვიცით, რას ედავებიან. ერთადერთი, რაც ვიცით, ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ მოსიაშვილის დაკავების შემდეგ.

ჩანაწერის ფაბრიკაციის შესახებ წერდა თავად გიორგი მოსიაშვილი დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე.