„ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგაა“, – განაცხადა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტალში ვიზიტის შემდეგ.
თუთბერიძეს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ სააკაშვილის სიტყვა იქნება „ნიღბის ჩამომგლეჯი“.
„მე არ მინდა სიტყვის დეტალებზე საუბარი, თუმცა ბუნებრივია, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებას, მათ შორის, ასეთი ადამიანი რომ იყოს მოსამართლე, მისთვისაც კი“, – აღნიშნა სააკაშვილის უფლებადამცველმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაესწრება თუ არა სააკაშვილი სასამართლოს მორიგ პროცესს, თუთბერიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს სურვილი აქვს, დაესწროს მის პროცესს, თუმცა როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, „ამ პირობებში გამორიცხული არაფერი არ არის და შეიძლება პენიტენციურმა სამსახურმა თქვას, რომ ცუდი ამინდია და ამიტომ ვერ მიჰყავთ პრეზიდენტი“.
ასევე, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სანახავად საქართველოში ჰოლანდიიდან მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი ჩამოვიდა.
ხვალ, 11 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება ე.წ. პიჯაკების საქმეზე.
ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
სასჯელი 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.