ადვოკატის თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერისა და პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
„ჟურნალისტ მზის ამაღლობელის მხარდასაჭერად და პროტესტის ნიშნად ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც შიმშილობა გამოაცხადა”, – წერს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ.
20 იანვარს გავრცელდა მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან, რომელშიც ის ამბობს, რომ შიმშილობს და „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“.
„არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება“.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
11 იანვარს ნიკოლოზ ჯავახიშვილი და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 7 პირი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობაში დატოვა.