ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას მოსამართლის შეურაცხყოფის საბაბით ახალ ბრალდებას წარუდგენენ

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, ნიკა მელიას ახალ ბრალდებას წარუდგენენ.

როგორც ადვოკატმა „პუბლიკას“ უთხრა, დღეს დაუკავშირდნენ ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან და აცნობეს, რომ მელიასთან მიმართებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ – მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.

თორნიკე ქოჩქიანი ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.

ადვოკატი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ საქმის განხილვის დროს მოსამართლეს მელიასთვის შენიშვნაც კი არ მიუცია და არ იცის, რა შეურაცხყოფაზეა საუბარი.

მელიას ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ, რის შემდეგაც ადვოკატს საქმის მასალებს გადასცემენ.

მისი თქმით, მელიას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგენენ, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს და სასჯელის სახედ ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე ითვალისწინებს.


ნიკა მელიას ამ ეტაპზე ორი განაჩენით აქვს თავისუფლება აღკვეთილი – 26 ნოემბერს 1.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, მანამდე, ივნისში 8 თვე მიესაჯა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.

გარდა ამისა, მელიას ბრალი ედება ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც. გამოძიება მას „ქუჩაში რადიკალიზაციის პროცესისთვის აქტიურ მოქმედებას, რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცველთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“ ედავება. გამოძიება მის წინააღმდეგ 318-ე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს.