ადვოკატის თქმით, პოლიციას შეეშალა და კვარაცხელია და ტყემალაძე სხვა ადამიანების ნაცვლად დააკავა

პუბლიკა

რუსთაველის მეტროსთან დაკავებული ახალგაზრდები, 18 წლის ოთარ კვარაცხელია და 23 წლის რატი ტყემალაძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცავები სხვა პირებს ეძებდნენ და ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე შეცდომით დააკავეს.

„მათი მიზანი იყო იმ მანიფესტანტების დაკავება, რომლებიც ფეიერვერკს ისროდნენ აქციაზე და ჩაცმულობით მოხდა მიმსგავსება. რეალურად ამის გამო აედევნენ. როგორც რატიმ მომახსენა, კრიმპოლი იყო. აღმოჩნდა ისე, რომ შეეშალათ, სხვა პირების დაკავება სურდა პოლიციას, თუმცა რეალურად, შემთხვევით, შერჩევითი მექანიზმით სხვა ადამიანები დააკავეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტში არც ერთ მათგანს არ ეცვა ფორმა”, – ამბობს ადვოკატი მარიამ მაღრაძე.

„განყოფილებაში ლაზერს ანათებდა ერთ-ერთი პოლიციელი თვალებში, აბა, როგორია, როგორ მოგწონთო“, – განაცხადა ოთარ კვარაცხელიას ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.

დაკავებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელია და ტყემალაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და 174-ე პრიმა – შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლებით დააკავეს.

ადვოკატები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე დამკავებელთა იდენტიფიცირებას ვერ შეძლებდნენ, რადგან დაკავების მომენტში არ წარუდგენიათ თავი. მათ არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, არ განუცხადებიათ რომ იყვნენ პოლიციელები და ასევე ადგილზე არ იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანებით.

კვარაცხელია და ტყემალაძე საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს და გაიტაცეს. მომხდარის შემსწრე ჰყვებოდნენ, რომ ეს გააკეთეს პირებმა, რომელთაც არც პოლიციის ფორმა სცმიათ და არც თავი წარუდგენიათ, არამედ მოულოდნელად დაესხნენ თავს, არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, უბრალოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ახალგაზრდები მანქანაში და წაიყვანეს.