უჩა ქემაშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ დაკავებული აქტივისტის სასამართლო პროცესი შსს-ს წარმომადგენლების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო და ქემაშვილი გამოუშვეს.
როგორც ტყეშელაძე „პუბლიკასთან“ აცხადებს, ის იზოლატორიდან სასამართლოზე ისე წაიყვანეს, რომ მისთვის არაფერი უთქვამთ და ამაზე ინფორმაცია თავად მოიძია. შემდეგ კი, ქემაშვილის პროცესი გადაიდო, რადგან სასამართლოზე არ იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები.
„ჩემთვის არ უთქვამთ, რომ სასამართლოზე გადაჰყავდათ, ჩემით მოვიძიე. იზოლატორში დავრეკე და იზოლატორმა მითხრა, რომ გაიყვანესო და მაგის შემდეგ უკვე შსს-ს წარმომადგენლები არ იყვნენ და მაგის გამო გადაიდო პროცესი. როდისთვის გადაუდო ზუსტად არ ვიცი“, — ამბობს ადვოკატი ტყეშელაძე „პუბლიკასთან“.
უჩა ქემაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს 27 მაისს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველების ვერსიით, ქემაშვილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, არ დაემორჩილა და დააკავეს. მისი თქმით, თუ დაკავების ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის დაწვა გახდა, ასეთი სიმბოლიკის დაწვა კანონმდებლობით არ ისჯება.
უჩა ქემაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დამ, ნინი ქემაშვილმა გაავრცელა.