ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, უჩა ქემაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხივნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველების ვერსიით, ქემაშვილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, არ დაემორჩილა და დააკავეს.
„ეს აბსურდია. თუ გადამოწმების მიზნით რამე ხდებოდა, 2-3-მა პოლიციელმა შეიძლება ვინმე გადაამოწმოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ადგილობრივი პოლიცია. ადგილობრივ პოლიციას, რა თქმა უნდა, არ დაუკავებია. დააკავა რუსთაველთან ახლომდებარე განყოფილებამ, ოღონდ ზუსტად ვერ აღმიწერა, რომელმა.
კითხვები იყო ალუჩასთან დაკავშირებით, რატომ არიგებდა ალუჩას, რისთვის არიგებდა; როცა ძვირი ღირს და შეეძლო, გაეყიდა, რატომ არიგებდა უფასოდ და ა.შ.
ასევე, ასეთი რაღაც უთხრეს, რომ TikTok ვიდეოსთან დაკავშირებით, შენო TikTok ვიდეოზე გცნობთ და ძალიან აქტიური ხარო, ხომ ალბათო და უჩამ აღიქვა, შეიძლება TikTok-ზე რომ აქტიური ვარ, მაგის გამოც დამაკავესო“, – ამბობს ტყეშელაძე.
მისი თქმით, თუ დაკავების ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის დაწვა გახდა, ასეთი სიმბოლიკის დაწვა კანონმდებლობით არ ისჯება. ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ შექმნეს ქემაშვილის დაკავების სამართლებრივი საფუძველი, თითქოს ის პოლიციას არ დაემორჩილა.
„რაც შეეხება ვერსიას დროშის დაწვასთან დაკავშირებით, რაც თავიდანვე მინდა შევაფასო, რომ ეს დროშა არაა საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ესაა ჩვეულებრივი ნაჭერი, გინდა 41-ს დააწერს, 5-ს, 7-ს თუ 20-ს და თუ შენი საკუთრებაა, მაგის დაწვა შეგიძლია, როცა გინდა. ეს სიმბოლიკა კანონით არ ისჯება. ისჯება საქართველოს დროშას თუ ვინმე დაწვავს, ოფიციალური დროშები.
რადგან ნაჭრის დაწვა არ ისჯება, ალუჩის დარიგება არ ისჯება, TikTok-ზე ვიდეოც არ ისჯება, ეჭვი გაჩნდა, რომ 10-20-მდე პოლიციელი დახვდა და თითქოს წინააღმდეგობა გაუწია და სამართლებრივი საფუძველი შექმნეს, რომ დაეკავებინათ.
ეს არაა პირველი შემთხვევა. ადრე ისაკო დევიძე იმავე მუხლით დააკავეს, სხვა მოქალაქეებსაც აკავებენ, თითქოს უწევენ წინააღმდეგობას დ მერე აკავებენ, სამართლებრივი საფუძველი შექმნეს.
ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. როდესაც ადვოკატს ითხოვდა, არ დააკავშირეს; ტელეფონიდან მოახსნევინეს ბლოკი და ალბათ ინფორმაციაც წაიკითხეს.
ჟურნალისტებს გადაუხადა დიდი მადლობა. მანქანაში როდესაც ვიჯექიო და როდესაც ნახეს, რომ ჩემი ეს დაკავება გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებითო, სხვანაირი სიტუაცია დადგა მანქანაში, უფრო მშვიდი და წყნარიო.
ასევე მესმოდა ტელეფონში, რამე ხომ არ გადაიღო ჩემმა დამო, კითხულობდნენო.
დანარჩენი საუბრები იყო, ეგენი ცუდი ადამიანები არიან და მათთან რატომ დგახარო“, – უთხრა „პუბლიკას“ ადვოკატმა.
ჯერჯერობით, ცნობილი არაა, რამდენ ხანს დატოვებენ ქემაშვილს იზოლატორში და როდის გაიმართება მისი სასამართლო.
ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი 2000-5000 ლარამდე ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უჩა ქემაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა დამ, ნინი ქემაშვილმა გაავრცელა.
„კორპუსიდან ვუყურებდი, 25 ადამიანი 1 კაცს გამოჰყვა. რომ ჩავედი, პასუხიც არ გამცეს, რის გამო აკავებდნენ“, – დაწერა მან.
მოგვიანებით ნინი ქემაშვილმა ვიდეო დადო, რომელშიც უჩა ქემაშვილს „ქართული ოცნების“ ცეცხლმოკიდებული პარტიული დროშა უჭირავს.
„თურმე რის გამო დაუკავებიათ“, – დაწერა მან.