ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლოს ნიკა მელიას წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პროცესზე ეტაპირების მოთხოვნით წერილობით მიმართა.
ნიკა მელია გუშინ, 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დღეს, 14:00 საათზე კი დანიშნულია წინასასამართლო სხდომა მისი სისხლის სამართლის საქმეზე. საქმე ეხება თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე არგამოცხადებას – ამის გამო მას თავდაპირველად გირაო შეუფარდეს. მელიამ გირაო არ გადაიხადა, რის გამოც დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე იმსჯელებს. იმავე საბაბით უკვე დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე.
„წერილობით მივმართეთ სასამართლოს, ვინაიდან ნიკა მელია არის დაკავებული უკანონოდ, უზრუნველყოფილი იყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიეცემა შესაძლებლობა, დეტალურად მოჰყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რასაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან.
ბრალდებულის უფლებაა, ესწრებოდეს მის სასამართლო პროცესს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე შვანგირაძე არ დაარღვევს კანონს და უზრუნველყოფს მის მოყვანას სასამართლოში, სადაც გავიგებთ უფრო მეტ დეტალს გუშინდლის შესახებ“, – თქვა გიორგი კონდახიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის ცნობით, ნიკა მელია პოლიციამ ლისის ტბის ასახვევთან დააკავა, როდესაც ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა.
ადვოკატის თქმით, ნიკა მელია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, შემდეგ კი რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ის ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს.
ადვოკატის შეფასებით, ეს სამართლებრივი სივრციდან გასული ქმედებაა.
„ე.წ. ნოუ ჰაუა, რომ პრევენციულად აკავებენ პირებს არარსებული ბრალდებებით იმის გამო, რომ მეორე დღეს წინასწარ, შეკვეთით, ინფორმირებული არიან რა, რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს დაპატიმრების გადაწყვეტილება, პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყოს მშვიდად“, – ამბობს გიორგი კონდახიშვილი.