„ადვოკატს მაისურზე რომ ეწეროს „კლანი უნდა წავიდეს“, პროცესზე შემოუშვებთ?“ | მოსამართლის პასუხი

პუბლიკა

„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატ ნინო სანდოძეს ჰკითხა, შეუშვებს თუ არა ის პროცესზე ადვოკატს წარწერიანი მაისურით „კლანი უნდა წავიდეს“.

ამ შეკითხვის საპასუხოდ მოსამართლემ განაცხადა, რომ ადვოკატთან დაკავშირებით „სხვა რეაქცია ექნება“, მსგავსი მაისურით დამსწრეს კი დარბაზიდან არ გააძევებდა. მოსამართლე ამბობს, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი ქმედება გავლენას ახდენს მოსამართლეზე.

„არა მგონია, მხოლოდ ეგ წარწერა გახდეს სხდომიდან გაძევების საფუძველი, თუ რაიმე სხვა განმარტება არ გააკეთა… ადვოკატთან დაკავშირებით, ვფიქრობ სხვა რეაქცია მექნება, ვიდრე დამსწრესთან დაკავშირებით. გავმიჯნავ ამ ორ გარემოებას. ვინაიდან, თუ ადვოკატი მოდის და რაღაცნაირად გავლენას ახდენს მოსამართლეზე, ამას იცით რას შევადარებ? დასავლეთ საქართველოდან რომ მოდიან ხოლმე სხდომაზე ადამიანები, რომლებსაც გარდაცვლილის დიდი სურათი უკავიათ ხელში. გარკვეულწილად ეს ჰგავს ზეგავლენის მოხდენას მხარისგან. რაც შეეხება დამსწრეს, ალბათ, დამსწრეს არ გავაძევებდი“, – თქვა მან.

კახა წიქარიშვილმა ჰკითხა, თუ მოსამართლე ამბობს, რომ სასამართლოში კლანი არ არსებობს, ეს წარწერა რატომაა პრობლემური, რაზეც სანდოძემ უპასუხა, რომ პრობლემა საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის დამკვიდრებაა.

კახა წიქარიშვილი ასევე დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია, რომ სასამართლო იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს წყვეტს მხოლოდ კანონის საფუძველზე.

სანდოძის თქმით, ამ განცხადებას ის ეთანხმება. წიქარიშვილი დაინტერესდა, ფიქრობს თუ არა მოსამართლე, რომ სასამართლო 2012 წლამდე დამოუკიდებელი იყო.

„პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით არ ვიმსჯელებ. რაც შეეხება ნეიტრალობას, ის საპროცესო კოდექსი, რომელიც 2010 წლამდე მოქმედებდა, ამის საშუალებას მოსამართლეს არ აძლევდა, რომ მე-14 მუხლი ავალდებულებდა მოსამართლეს ემოქმედა საჯარო ინტერესის შესაბამისად და დაედგინა დანაშაულის ფაქტი და გამოევლინა დამნაშავე პირი. ანუ ზოგადად, სისხლის სამართლის პროცესი მიმართული იყო იქითკენ, რომ მოსამართლეს ჰქონდა ვალდებულება, დაედგინა იყო თუ არა დანაშაული. 2012 წლამდე სასამართლოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, რაც გამომდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობიდან, გარკვეულწილად ხელები ჰქონდა შეკრული“, – განაცხადა სანდოძემ.