სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ უკიდურესი აღშფოთებით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2021 წლის 3 სექტემბრის განცხადებას, რომელიც, მათი შეფასებით, ზრდის საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხს და აძლიერებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობის მუხტს.
„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“, წარმოადგენდა არა LGBTQ+ წევრთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზების ფორმას, არამედ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ, კარგად ორგანიზებულ მზაკვრულ შეთქმულებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორციელებულ ქმედებებს ნეგატიურად აფასებს მხოლოდ ჟურნალისტების მისამართით გამოვლენილი აგრესიის კონტექსტში, თუმცა ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოსთან შეუსაბამოდ არ მიიჩნევს თავისთავად იმ ფაქტს, რომ LGBTQ+ თემის წარმომადგენლებმა ვერ ისარგებლეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით, სახელმწიფომ კი კონსტიტუციით მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, არ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული მძლავრი ჰომოფობიური განწყობის ფონზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შეიცავს დასავლურ ღირებულებებთან შეუსაბამო პოპულიზმის ელემენტებს, რითაც იგი ჰომოფობიურ განწყობებს, ფაქტობრივად, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევს.
ხაზგასასმელია ისიც, რომ 3 სექტემბრის განცხადება მცდარი ინფორმაციის შემცველია. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა მოძალადე დაკავებულია და დასჯილია“, თუმცა, რეალურად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განაჩენი ჯერ არც ერთი პირის წინააღმდეგ არ დამდგარა, ხოლო მოძალადეების ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი. მსგავსი განცხადებები ააშკარავებს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას: შექმნას დანაშაულზე რეაგირების ილუზია და არ დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორები. ამგვარი მიდგომა კი უპირობოდ ახალისებს ჰომოფობიურ ნიადაგზე წარმოშობილ ძალადობას.
LGBTQ+ თემის წევრთა მიმართ პრემიერ-მინისტრის ანტიპათიური და არატოლერანტული დამოკიდებულება ცხადად გამოვლინდა მის მიერ 2021 წლის 12 ივლისს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაშიც, რა დროსაც მან აღნიშნა: „როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ“.
განსაკუთრებით აღმაშფოთებელია პრემიერ-მინისტრის მიერ 5 ივლისის დილას გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს და მკაფიოდ აღნიშნა: „დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე.“
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა მსგავსი განცხადებები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება დეკლარირებულად ამბობს უარს კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სათანადოდ რეალიზებაზე, რაც ძირს უთხრის სახელმწიფო მოწყობის ლიბერალურ-დემოკრატიულ საფუძვლებს და კიდევ უფრო აფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მედიის განვითარების ფონდი (MDF) ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) თბილისი პრაიდი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) უფლებები საქართველო (RG)
„[ნაციონალური მოძრაობის] პოლიტიკა არ არის ემოციებზე დაფუძნებული. ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტების: ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი – ამიტომ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას; ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და ჩვენ დავგმეთ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, კატასტროფული შეცდომა იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 სექტემბერს.