AEC/EPASA: მოვუწოდებთ „ოცნებას", გაათავისუფლონ დაკავებული სტუდენტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები

პუბლიკა

ევროპის კონსერვატორიებისა და უმაღლესი სამუსიკო აკადემიების ასოციაცია (AEC) და ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტთა ასოციაცია (EPASA) განცხადებას ავრცელებენ და კატეგორიულად გმობენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომლებსაც საერთაშორისო დამკვირვებლების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

ისინი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ და შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული სტუდენტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

გთავაზობთ მათ განცხადებას:

„ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ შემოქმედებითი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე თავდასხმების დადასტურებული შემთხვევებისა და ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის წევრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტის დაკავების გამო.

ეს პირები დაკავებულები არიან მათი ფუნდამენტური უფლებების – მშვიდობიანი პროტესტის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებების განხორციელებისათვის, რაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების საყრდენია. მათი დაკავება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ევროპის კონსერვატორიების ასოციაცია და ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტთა ასოციაცია მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ პარტიასა და შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული სტუდენტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მშვიდობიანი პროტესტის გამო ადამიანების მიზანში ამოღება დაუშვებელია და არღვევს როგორ აკადემიურ, ისე შემოქმედებით თავისუფლებას. ისეთი სასწავლებლები, როგორიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შემოქმედებითობის, დიალოგისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობაში. სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ამ ღირებულებებს და საერთაშორისო თანამშრომლობას.

ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის პარტნიორობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ეს კავშირები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული ცოდნის გაცვლისა და საერთაშორისო ურთიერთგაგებისათვის. საქართველოს მმართველი პარტიის ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეში აყენებს ამ თანამშრომლობას და საერთაშორისო საზოგადოებისგან ქართული ინსტიტუციების იზოლაციას იწვევს.

სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულ სტუდენტებს, პედაგოგებსა და სასწავლებლებს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ მათ ერთგულებას ადამიანის უფლებებისა და აკადემიური თავისუფლების დაცვის მიმართ.

ჩვენ მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და შეწყვიტოს რეპრესიული ქმედებები.

დაკავებული სტუდენტების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაუყოვნებელი გათავისუფლება აუცილებელი ნაბიჯია ნდობის აღსადგენად, საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კულტურის სფეროს კეთილსინდისიერების დასაცავად.

ვადასტურებთ რა ადამიანის საყოველთაო უფლებებისადმი ჩვენს ერთგულებას, ევროპის კონსერვატორიების ასოციაცია და ევროპის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდენტთა ასოციაცია გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დაკვირვებას ამ რთულ პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.