აფეთქება, სავარაუდოდ, პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატს უკავშირდება - ლიბანის პრემიერი

პუბლიკა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის, ჰასან დიაბის თქმით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, პორტში დასაწყობებულ ამონიუმის ნიტრატს უკავშირდება, რომელიც სასუქად გამოიყენება და ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა. ჰასან დიაბის თქმით, 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი პორტში 2014 წლიდან უსაფრთხოების წესების დარღვევით ინახებოდა.

ჰასან დიაბიმ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და დაჰპირდა, რომ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან.

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას არ იზიარებს CNN-თან CIA-ის ყოფილი თანამშრომელი რობერტ ბერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მუშაობდა. ბერი CNN-თან ამბობს, რომ აფეთქებისას წარმოქმნილი მოყვითალო კვამლი ამონიუმის ნიტრატზე მეტად აფეთქებულ სამხედრო მასალებს ჰგავდა. თუმცა, თავდასხმის კვალიც ჯერჯერობით არ ჩანს.

ბოლო მონაცემებით, ლიბანში, ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 80 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 4 000-ია. აფეთქების ტალღამ დააახლოებით 10 კილომეტრის რადიუსში დააზიანა შენობები და ჩაამსხვრია ფანჯრები. დაღუპულთა ნაწილს, ჯერჯერობით ისევ ეძებენ, მათი ნაწილი აფეთქებამ ზღვაში გადაისროლა.

როგორც ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, დაშავებულებით გადავსებულია ის საავადმყოფოები, რომლებიც აფეთქებას არ დაუზიანებია. დღეს ყატარი და ერაყი ლიბანს სამი საველე ჰოსპიტლით დაეხმარებიან. დახმარების მზაობა გამოხატეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.