აფგან მუხთარლიმ საქართველოსა და აზერბაიჯანს ევროსასამართლოში დავა მოუგო

პუბლიკა

ევროსასამართლომ აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის – აფგან მუხთარლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ დავა მოიგო.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ მუხთარლის კომპენსაციის სახით, მორალური ზიანისა და  იურიდიული ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად 12 500 ევრო, ხოლო აზერბაიჯანმა 8 500 ევრო უნდა გადაუხადოს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიების ნაწილში საქართველომ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება) დაარღვია, განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩატარებით და უკანონო ტრანსპორტირებით აზერბაიჯანში. თუმცა, სასამართლომ არ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა არასათანადო მოპყრობისა და პატიმრობის ნაწილში.

სასამართლომ ასევე დაადგინა აზერბაიჯანის მიერ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და პიროვნების უსაფრთხოების უფლება), რომლის მიხედვითაც დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარდგეს მოსამართლის, ან კანონით მინიჭებული სასამართლო უფლებამოსილების მქონე სხვა თანამდებობის პირის წინაშე;

აზერბაიჯანს დაუდგინდა მე-8 მუხლის დარღვევაც, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას გულისხმობს.

მუხთარლის ადვოკატის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ პროცედურული დარღვევა დაედგინა, შინაარსობრივ ნაწილში კი რამე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი ყოფილიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება 2017 წელს დაიწყო, 7 წელზე მეტია გასული, ევროსასამართლოც ამას იმეორებს, რომ ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, მომჩივანმა უკანონოდ გადაკვეთა თუ არა საზღვარი, ან ფიზიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ამის გაკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, გამოძიების მნიშვნელოვან პირობებში იყო უმოქმედობა, მტკიცებულებების, განსაკუთრებით ვიდეოკამერების ჩანაწერების არასათანადო გამოკვლევა, ეჭვები რომ განადგურდა გარკვეული ვიდეო ჩანაწერები, გვიან ხდებოდა რეაგირება. დღესაც გაურკვეველია, ბარათაშვილის ქუჩიდან როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანში, მაშინ, როდესაც ვიდეო კამერების საშუალებით მყისიერი რეაგირება ხდება”. – თქვა მან.


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

აზერბაიჯანში ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებით გაასამართლეს.

აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.

2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.